შსს: პირს ინტიმური მასალა გაუვრცელეს, რის გამოც თავი მოიკლა
სასამართლომ საქმეზე 2 ბრალდებულს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურის ცნობით, გურჯაანის სასამართლომ თვითმკვლელობამდე მიყვანისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მათ 5-5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
"სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულისგან მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალა ყალბი FB გვერდის გამოყენებით მოიპოვეს, შემდეგ კი დაზარალებულისთვის პატივისა და ღირსების შელახვის მიზნით აღნიშნული ფოტო და ვიდეომასალა უკანონოდ გაავრცელეს და დაზარალებულის ოჯახის წევრებსა და ნაცნობებს გაუგზავნეს. შედეგად, დაზარალებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით და სასტიკი მოპყრობით) და 157 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება სოციალური ქსელის მეშვეობით) წარდგენილ ბრალდებებში.




