შეჭრა იარაღის მუქარით სკოლებში და დარბეული დაწესებულება- რას გეგმავდნენ დაკავებული მოზარდები
ახალი დეტალები მოზარდების საქმეში

საქართველოს პროკურატურის განცხადების მიხედვით მოზარდებმა ერთმენთი 2026 წლის აპრილი-მაისის თვეში სოციალურ ქსელში გაიცნეს. მათ მიზნად დაისახეს სკოლაზე თავდასხმის, რბევისა და ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილება.
კერძოდ, მათ შეარჩიეს თბილისში მდებარე კონკრეტული სკოლა, შეისწავლეს მისი შიდა განლაგება, გადაწყვიტეს რომ სკოლის წინ დაემონტაჟებინათ ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც საშუალებას მისცემდათ შეუმჩნევლად შეჭრილიყვნენ სკოლაში, დაერბიათ სკოლის შიდა ტერიტორია და იარაღის გამოყენებით სკოლაში მყოფი პირებისთვის მიეყენებინათ ჯანმრთელობის დაზიანებები. ამ მიზნით მათ შეიძინეს სხვადასხვა ნივთები და შექმნეს ყველა პირობა დანაშაულის ჩასადენად, პროკურატურის თქმით თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხესრადგან მათი ქმედება გამოვლენილ იქნა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ.
უწყების ინფორმაციით:
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადება, რასაც თან უნდა მოჰყოლოდა ძალადობა და რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"სანდო წყაროსთვის" ასევე ცნობილია, რომ 14 წლის ს.ტ. ხუთშაბათს დღისით დააკავეს, ღამით კი მის სახლში, მამის თანდასწრებით, ჩხრეკა ჩატარდა. მამის მონაყოლის მიხედვით, მან არ იცოდა, ვინ იყო ბიჭი, ვისთან ერთადაც შვილი დანაშაულს გეგმავდა. დაკავებული მოზარდი დუმილის უფლებას იყენებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეორე მოზარდიც დააკავა. მას ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინეს. სკოლის მოსწავლე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
„სანდო წყარო“ გუშინ დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატს ესაუბრა. გია დარჩიას განცხადებით, მოზარდები ერთმანეთს არ იცნობდნენ, საუბარი კი სოციალური ქსელის ღია წყაროებში მიმდინარეობდა. მისი თქმით, დიალოგი არ შემდგარა რაიმე დახურულ ჯგუფებში.
„ამ ეტაპამდე რა მასალებსაც გავეცანი, არ არსებობს ავთენტური მტკიცებულება, რაც მათ ბრალს დაამტკიცებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გუშინ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ერთმანეთს არ იცნობდნენ და არც ვიდეოზარებით ჰქონიათ კომუნიკაცია. არ არის საუბარი რაიმე ჯგუფებზე, მაგრამ ვერც გვერდზე მიგითითებთ სოციალურ ქსელში, რადგან ასეთი გვერდიც არ არსებობს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს.“
ორივე დაკავებულის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც დაკავებული ს.ტ.-ს მამა ამბობს, საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია სასტარტო პისტოლეტი, ტყვიები, წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა.
ერთ-ერთ არასრულწლოვან ბრალდებულს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მეორე ბრალდებულის მიმართ პროკურატურა შუამდგომლობით სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე კანონით დადგენლ ვადაში მიმართავს. სავარაუდოდ აღკვეთის ღონისძიების სხდომა ორშაბათს გაიმართება.




