„პუბლიკის“ ორი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ლევან ზარდიაშვილს და საბა მინდიაშვილს სასჯელის სახით ჯარიმა დაეკისრათ

განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
საბა მინდიაშვილი წარდგენილ ბრალს აღიარებდა, ლევან ზარდიაშვილი კი თავს დამნაშავედ არ ცნობდა.
ინციდენტი, რომელზეც ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალი წარედგინათ, 2025 წლის 8 სექტემბერს მოხდა.
კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან პარტიის მხარდამჭერმა ლევან ზარდიაშვილმა „პუბლიკის“ ჟურნალისტზე, ქეთო მიქაძეზე იძალადა და ტელეფონი წაართვა. საბა მინდიაშვილმა კი ალექსანდრე ქეშელაშვილს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ტელეფონი წაართვა, რომელიც მოგვიანებით დაიბრუნა.
მინდიაშვილსა და ზარდიაშვილს ბრალი 6 თვის შემდეგ წარუდგინეს. 6 მარტს სასამართლომ აღკვეთის სახით მათ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე




-1.webp&w=1920&q=75)