პლენუმმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნა სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე
შუამდგომლობა პროცესზე პარტია ლელომ დააყენა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას ძლიერი საქართველო - ლელომ შუამდგომლობა დააყენა, რომელიც ამ სარჩელის, საკონსულტაციო დასკვნის მიზნით, სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნას შეეხებოდა.
პლენუმმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ გაახმოვანა.
პლენუმმა იმსჯელა და დაადგინა, რომ ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს. ეს შუამდგომლობა მოტივირებულია იმით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ ენდობიან [...] ის, რომ მხარე აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოს არ ვენდობიო, მით უმეტეს პროცედურულ ნაწილში, საერთოდ დაუსაბუთებელია...", - განაცხადა თავმჯდომარემ.
აღსანიშნავია, რომ ძლიერი საქართველო-ლელოს წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ დღევანდელ სხდომაზე მოითოხვა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, რათა პროდასავლური ოპოზიციის აკრძალვის სარჩელზე საკონსულტაციო დასკვნა წარმოედგინა - აკრძალვის კონსტიტუციურ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ.
***
ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე მეორე დღეა პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი მიმდინარეობს.
საუბარია შემდეგ პარტიებზე: ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის, ლელო - ძლიერი საქართველო, ფედერალისტები და გახარია - საქართველოსთვის.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს ქართული ოცნების პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს.
88 დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოითხოვს:
- ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას;
- ამ პარტიების აკრძალვას;
- მათი რეგისტრაციის გაუქმებას.
მოსარჩელეთა მტკიცებით, აღნიშნული პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის ქართული ოცნების პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.




-1.webp&w=1920&q=75)