ქვემო ქართლსა და იმერეთში 2 ნარკორეალიზატორი დააკავეს
შსს - ს განცხადებით, ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყვნენ ჩართულნი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს. მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა რამდენჯერმე განახორციელა.
ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




